English / ქართული /








Journal number 3 ∘ Teimuraz Gognadze
Distance Learning in Education System: Essence, Importance, Perspectives

The article discusses the distance learning technology in the field of education. There is analyzed the prerequisites of its origin, the necessity of introduction, the situation in the world and in Georgia. The distance learning fee and best programs are presented in leading universities in the world. It is proposed the improvement measures for the development of distance learning in Georgia.

Keywords: Distance Learning; System of Education; Networking Technologies.

JEL Codes: I20, I21, I22

დისტანციური განათლების  სისტემის  არსი და ტექნოლოგიები

მსოფლიოში განათლების მსურველთა რაოდენობის არნახულმა ზრდამ,  სწავლების დაუსწრებელი ფორმის გაუქმებამ და ელექტრონული ტექნოლოგიის პროგრესმა დასაბამი მისცა დისტანციური სწავლების ფორმის განვითარებას.

ქვეყნის განვითარება შეუძლებელია განათლებული საზოგადოების გარეშე, რომლის ფორმირებისათვის საჭიროა დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი ათვისება, რომელიც უნდა განხორციელდეს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდებისა და სხვადასხვა ტექნიკური საშუალების კომპლექსური გამოყენების საფუძველზე.  ცოდნის მიღების ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი), სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მოთხოვნათა შესაბამისად, აუცილებელია უშუალოდ სასწავლო პროცესისა და საერთოდ განათლების სისტემის მართვის ინფორმატიზაცია. ქვეყანაში არსებული ტელესაკომუნიკაციო ქსელი და ტელეკურსების ორგანიზაცია საშუალებას იძლევა განხორციელდეს სწავლების დისტანციური ფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ცოდნის მიღებისათვის საჭირო დანახარჯებს სტაციონარულ განათლების სისტემასთან  შედარებით. სწავლების პროცესის ორგანიზაციისათვის საჭირო ფართობთან ერთად, მნიშვნელოვნად მცირდება  პედაგოგების ხელფასზე გაწეული დანახარჯები და ზოგადად მომხმარებლის გადაადგილებასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები, კარგი პირობები ექმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფ პირებს. 

 საკვანძო სიტყვები: დისტანციური სწავლება; მომხმარებელი; სწავლის საფასური.

თანამედროვე ეტაპზე დისტანციური სწავლება არის განათლების სფეროში ყველაზე განვითარებადი მიმართულება და განიხილება როგორც ერთ-ერთი პერსპექტიული სისტემა. არსებული აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფა და ინფორმაციული რესურსების ვებსერვერები საშუალებას იძლევა შემუშავებულ იქნეს მულტიმედიური და ინტერაქტიული პროგრამები.  დისტანციური განათლება ხელმისაწვდომია ფართო მასებისათვის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განათლების მიმღებ პიროვნებას არ აქვს საკმარისი დრო, ფინანსები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაციონარულად მიიღოს განათლება. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება (პერსონალური კომპიუტერი, ინტერნეტი, მობილური ინტერნეტი და უსადენო ლოკალური ქსელები) საშუალებას იძლევა პიროვნებამ დისტანციურად მიიღოს ხარისხიანი განათლება, რომელსაც ხელს უწყობს ინფორმაციის სხვასხვა ფორმით (ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო, ხმოვანი, ანიმაციური და ა.შ.) წარმოდგენის შესაძლებლობა ანუ ინფორმაციის წარმოდგენა მულტიმედიური სახით.

დისტანციური სწავლება შორი მანძილიდან სწავლებაა, როდესაც დროსა და სივრცეში ერთმანეთისაგან განცალკევებულია ორი სუბიექტი - მომხმარებელი და პედაგოგი[1]. სწავლების უდიდესი ნაწილი მიმდინარეობს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და უახლესი ტელეკომუნიკაციური სისტემების გამოყენებით. დისტანციური სწავლება კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით მომხმარებლისათვის იძლევა ისეთი განათლების მიღების შესაძლებლობას, როგორსაც - სასწავლო დაწესებულებებში ყოველდღიური სიარული და ლექციებზე დასწრება.  ის განათლების მიღების პერსპექტიული ფორმაა. დისტანციური სწავლების რეჟიმით სასწავლო მასალის უმეტესი ნაწილის ჩატარებით პედაგოგს რჩება ბევრი თავისუფალი დრო დისკუსიების, საქმიანი თამაშებისა და სასწავლო პროგრამის სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად.

  დისტანციური სწავლება საშუალებას გვაძლევს ავიმაღლოთ ცოდნის დონე (კადრების პროფესიული გადამზადება), გამოვიყენოთ ახალი ტექნიკური საშუალებები, ვიდეოაუდიოლექციები, ვირტუალური შრომები, წარვადგინოთ პაროლით დაცული სასწავლო მასალები ელექტრონული ფორმით, მოვაწყოთ ცოდნის გაზიარება ფორუმებზე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ჩავერთოთ სხვა სასწავლებლების  სასწავლო პროცესში და ა.შ[2].

ხშირ შემთხვევაში, დისტანციური სწავლებისას, პედაგოგსა და მომხმარებელს შორის კონტაქტი შეზღუდულია, რადგან მეცადინეობა ტარდება სინქრონული და ასინქრონული რეჟიმით, მოქნილი გრაფიკების საფუძველზე. მომხმარებელი სწავლების ასეთ პროცესში, დამოუკიდებლად, ინტერაქტიული რეჟიმით ითვისებს სასწავლო პრაქტიკულ მასალას, გადის ტესტირებას, პედაგოგის ხელმძღვანელობით ასრულებს პრაქტიკულ და საკონტროლო სამუშაოებს. კომპიუტერული ქსელის განვითარება საშუალებას იძლევა დისტანციური სწავლებისათვის ფართოდ იქნეს გამოყენებული IP-ტელეფონის კავშირი, ელექტრონული ფოსტა, ტელევიზია. აღნიშნული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს ინტერაქტიული სწავლების სხვადასხვა ფორმა:

  • მეცადინეობების ჩატარება და ლექციების გამეორება ტერიტორიულად დაშორებულ  მსმენელთათვის;
  • ჰიპერტექსტურ წიგნებთან, ინტერაქტიულ საკითხავ მასალებთან, სასწავლო სავარჯიშოებთან ელექტრონული წვდომა;
  • პედაგოგებთან ურთიერთობების, გასაუბრებების და სასწავლო საკონსულტაციო მეცადინეობების ელექტრონული დისტანციური ორგანიზაცია;
  • პროფესიული საქმიანობის სპეციფიკაზე ორიენტირებული კომპიუტერული თამაშების ორგანიზაცია;
  • სატელევიზიო და კომპიუტერული ვიდეოკონფერენციები.

საქართველოს განათლების სისტემის განვითარების პრიორიტეტია ხარისხის ამაღლება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და განათლების თითოეულ დონეზე ინკლუზიის უზრუნველყოფა[3]. მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს დისტანციური სწავლების დანერგვას, რაც მოგვცემს უცხოელი პედაგოგების რესურსის გამოყენების შესაძლებლობასა და ამასთან, ქართველ პედაგოგებსაც საზღვარგარეთ ონლაინ ლექციების წაკითხვის საშუალება  ექნებათ. ასევე,  უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად მასზე წვდომა ექნება ყველა საჯარო და კერძო სკოლას. ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს თითოეული მსურველისათვის სრული კომფორტისა და ყველა საშუალების შექმნას, რომ მას შეეძლოს განათლების პროცესში სრულფასოვანი ჩართვა[4]. 

დისტანციური განათლების მიღების ორგანიზაციისათვის ცნობილია შემდეგი სახის ტექნოლოგიები: ქეის-ტექნოლოგია, TV-ტექნოლოგია და ქსელური ტექნოლოგია.

ქეის-ტექნოლოგიის დროს სასწავლო-მეთოდური მასალების დაკომპლექტება წარმოებს სპეციალური ნაკრების სახით (ქეის), რომელიც მომხმარებელს ეგზავნება პროგრამის დამოუკიდებლად შესწავლისათვის. ურთიერთობა პედაგოგსა და მომხმარებელს შორის ხორციელდება ამ მიზნით შექმნილი რეგიონული სასწავლო ცენტრების მეშვეობით. სწავლების ამ ფორმას შეიძლება მივაკუთვნოთ ტრადიციული სწავლების დაუსწრებელი ფორმა, ე.წ. დაუსწრებელი სწავლება-ფოსტით. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება სასწავლო მასალის მიწოდების ფორმის შეცვლა, რომლისთვისაც უკვე ფართოდ დაიწყეს რადიო-ტელევიზიის გამოყენება. საგამოცდო სესიების პერიოდში სწავლების პროცესი იცვლება უწყვეტი თვითგანათლების პროცესით, რომელიც დაფუძნებულია რადიო-ტელევიზიით ლექციების მოსმენაზე.

TV-ტექნოლოგია დაფუძნებულია ტელევიზიის მეშვეობით ლექციების გადაცემაზე.

ქსელურ ტექნოლოგიას მიეკუთვება ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც ფართოთ იყენებს ლოკალური და გლობალური გამოთვლითი ქსელების შესაძლებლობებს. ამ ტექნოლოგიას, განხილულ ტექნოლოგიებთან შედარებით, გააჩნია შემდეგი უპირატესობები:

v იძლევა სწავლების პროცესის ინდივიდუალური გრაფიკით ორგანიზების  საშუალებას;

v მუდმივი დისტანციური კავშირია მომხმარებელსა და პედაგოგს, ასევე სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციასთან;

v შესაძლებელია კავშირის  „მრავალი-მრავალთან“ ორგანიზაცია.

დღეისათვის ბაკალავრებისთვის, მაგისტრებისთვის, დოქტორანტებისთვის და არამარტო მათთვის, აუცილებელია დისტანციური განათლების მიღება, რადგან მათი დიდი ნაწილი ეწევა შრომით საქმიანობას ან არ გააჩნია საკმარისი ფულადი სახსრები როგორც სწავლის საფასურის გადასახდელად, მგზავრობისათვის და სხვა.

ამჟამად საქართველოში არ არსებობს სრულფასოვანი დისტანციური განათლების სისტემა, რომლის დანერგვა აუცილებელია იმის გამოც, რომ გაუქმებულია საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების ფორმები. საჭიროა მათი ჩანაცვლება მსოფლიოში კარგად აპრობირებული განათლების ფორმით – დისტანციური განათლებით.

ტერმინი "დაუსწრებელი განათლება" და "დისტანციური განათლება" განათლების ერთი და იგივე ფორმაა.

წლიდან-წლამდე საგანმანათლებლო ბაზარზე ხდება რადიკალური ცვლილებები, რაც გამოიხატება ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელთა გაზრდილი ინტერესით დისტანციური სწავლების მიმართ[10]. მსოფლიოში უდიდესი და წამყვანი უნივერსიტეტები გამოხატავენ მზაობას, ჩაწერონ და გაყიდონ ლექციები ვირტუალურ სივრცეში.

დისტანციური სწავლება ცოდნის მიღების მიმზიდველი ალტერნატიული ფორმაა, რომლის მსურველებიც ყველაზე აქტიური - 18-35 წლის ასაკის ინტერნეტმომხმარებლებია. მსოფლიოს დიდ ქვეყნებში წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების უმეტესი ნაწილი თავმოყრილია დედაქალაქებში, რის გამოც პერიფერიებში მცხოვრებ ახალგაზრდობას ცოდნის მიღების არათანაბარი პირობები აქვთ დროისა და სწავლების სახსრებთან მიმართებით. რაც უფრო ახლოსაა საგანმანათლებლო ცენტრები, მით უფრო მაღალია სწავლების ხარისხიც, რაზეც  კურსდამთავრებულთა რაოდენობაც მეტყველებს. განათლების სფეროში ტერიტორიული და მასზე ავტომატურად მიბმული სოციალური პრობლემების - შრომითი საქმიანობის უწყვეტობისა და დროის დანაკარგების (საცხოვრებელი ადგილიდან უმაღლეს სასწავლებლამდე და პირიქით), აღმოფხვრის საშუალებას სწორედ დისტანციური სწავლება იძლევა.

დისტანციური სწავლების ფორმა იძლევა დანახარჯების 15-50 %-იან ეკონომიას სწავლების სხვა ფორმასთან შედარებით, რაც სტუდენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ცხადია, სასწავლებელს არ აქვს აუცილებლობა, რომ მოწვეულ პედაგოგს ყოველწლიურად გადაუხადოს ფული მუშაობისათვის. საკმარისია  ლექციების კურსის ჩაწერა და შემდეგ მისი ამორჩევითი განახლება საჭიროების მიხედვით. ამ შემთხვევაში საფასური თითქმის იგივეა, როგორც კომუნალური გადასახადების დროს. არაა საჭირო შენობა-ნაგებობების არენდისა და მათი მომსახურეობისათვის ხარჯების გაწევა, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს დისტანციური სწავლების ღირებულების ფორმირებაში. დისტანციური სწავლებით განათლების მიღების გადაწყვეტილების მიღებისას მთავარია, სასწავლებელი  რამდენად აკმაყოფილებს მომხმარებელთა სურვილებსა და მოთხოვნებს. ცხადია,  მან უნდა უზრუნველყოს განათლების მაღალი ხარისხი და სახელმწიფო ნიმუშის დიპლომის გაცემა.

მომხმარებლისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის, თუ რამდენად   ხელმისაწვდომია დისტანციური სწავლების  ტექნოლოგია მისთვის. იგი წვდომადი უნდა იყოს მიზნობრივი ჯგუფის თითოეული წევრისათვის. სწავლების ტექნოლოგიას დროისა და სივრცის მიმართებაში ხშირად გარკვეული შეზღუდვები გააჩნია. მისი ამორჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს დანახარჯების მოცულობას, რომლის სტრუქტურაშიც უნდა გამოიყოს:

  • სასწავლო მასალების მომზადებაზე, წარმოებაზე, განაწილებასა და მიწოდებაზე გაწეული დანახარჯები;
  • ადმინისტრაციული ხარჯები;
  • კომუნიკაციის ხარჯები და სხვა.

დისტანციური სწავლებისას დანახარჯების ნაწილი დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობაზე, ნაწილი კი სასწავლო მასალის მოცულობაზე. მათი დახასიათებისას საჭიროა ცალკე იქნეს გაანგარიშებული დანახარჯები ერთ მომხმარებელზე ერთი საათის განმავლობაში, რომელიც, თავის მხრივ, განისაზღვრება ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯების თანაფარდობით. ცხადია, დანახარჯების შემცირება ხდება მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად.

დისტანციური სწავლებისას გარკვეული პრობლემაა ცოდნის შეფასება, ვინაიდან გამოცდა შესაძლებელია სხვა პიროვნებამ ჩააბაროს, თუმცა ეს პრობლემა გადაწყვეტადია, ვინაიდან ინტერაქტიული რეჟიმით გამოცდის ორგანიზაციისას შესაძლებელია მონიტორზე გამოსული მომხმარებლის ფოტოსურათის ვიზუალურად შედარება რეალურად გამოცდის ჩამბარებლის პიროვნებასთან, რომლის საშუალებასაც იძლევა სწავლების ცენტრში ორგანიზებული მომხმარებლების ფოტოსურათების მონაცემთა ბაზა. გარდა ამისა, გამოსაცდელის სამუშაო ადგილი აღჭურვილია ვიდეო თვალითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.

დისტანციური განათლების აღმოცენების ისტორია

დისტანციური სწავლების სათავედ 1728 წელს მიიჩნევენ, რომლის პირველი სახეა საფოსტო გზავნილები, რომელიც XIX საუკუნეში სწორედ საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა. პირველი დისტანციური სწავლება 1858 წელს დაინერგა ლონდონის უნივერსიტეტში ისააკ პიტმანის (Isaac Pitman) მიერ, რომელიც შემდეგ განვითარდა და დაიხვეწა[5].

ბევრი მკვლევარი იან კომენსკის თვლის დისტანციური სწავლების ფუძემდებლად, რომელმაც 350 წლის წინათ გამოაქვეყნა ნაშრომი "დიადი დიდაქტიკა", რომელშიც განათლების პრაქტიკაში პირველად იქნა შემოთავაზებული ილუსტრირებული სახელმძღვანელოების გამოყენების აუცილებლობა. მან შექმნა განათლებისადმი სისტემური მიდგომის ბაზა. 1856 წელს ბერლინის უნივერსიტეტის ფრანგული ენის მასწავლებელმა ჩ. ტუსენმა და თანამედროვე ენების ბერლინის საზოგადოების წევრმა გ. ლანჩენშტეიდმა ბერლინში დააარსეს დაუსწრებელი სწავლების ფორმაზე დაფუძნებული უნივერსიტეტი. სტუდენტი ნაშრომს ფოსტით უგზავნიდა მასწავლებელს და მასზე ღებულობდა კომენტარსა და ახალ სასწავლო მასალას. უფრო ადრე, 1850 წელს, რუსეთში გაიხსნა დაუსწრებელი სწავლების ინსტიტუტი[6].

დაუსწრებელი სწავლების ფორმა 1891 წელს შეიქმნა ჩიკაგოს უნივერსიტეტში (აშშ), 1899 წელს - კანადის სამეფო უნივერსიტეტში და 1911 წელს კი - კვინსლენდსკის უნივერსიტეტში (ავსტრალია). ე.წ. კორესპოდენტული სწავლების განვითარებას ხელი შეუწყო რეგულარულმა საფოსტო კავშირის (სარკინიგზო, სავიაციო, სანაოსნო) განვითარებამ.

მსოფლიოში პირველი დისტანციური უნივერსიტეტი გაიხსნა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პრემიერ­-მინისტრი ჰაროლდ ვილსონი (Harold Wilson) და რომლის ხელმძღვანელობითაც შემუშავდა სასწავლო გეგმები, პროგრამები და სხვა სასწავლო-მეთოდური საშუალებები[7].

ბრიტანულ ჟურნალ "Where"-ში მიხაელ იანგმა 1962 წელს ჩამოაყალიბა ღია უნივერსიტეტის შექმნის იდეა, რომელიც მოემსახურებოდა სრულწლოვან დასაქმებულ სტუდენტებს.

ქალაქ გლაზგოში 1963 წელს გამოსვლისას ჰაროლდ ვილსონმა, არსებული სასწავლო დაწესებულებების გაერთიანებით, ჩამოაყალიბა "უნივერსიტეტი ეთერში" შექმნის იდეა, რომელიც ტელე და რადიომაუწყებლობის საშუალებების გამოყენებით წარმართავდა დაუსწრებელი სტუდენტების სწავლების პროცესს.

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ბრძანებით, 1969 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი ღია უნივესიტეტი სხვა უნივერსიტეტებთან არსებული თანაბარი პირობებით. კომუნიკაცია პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის ხორციელდებოდა მიწერ-მოწერითა და ორმხრივი რადიოკავშირების საშუალებით, ხოლო XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოსათვის - ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

1927 წელს რუსეთში ოფიციალურად შეიქმნა დაუსწრებელი სწავლების სისტემა, როგორც განათლების მიღების ერთ-ერთი ფორმა. 1932 წელს 47 მოქმედი დაუსწრებელი სწავლების ინსტიტუტი გაერთიანდა 10 მსხვილ ტექნიკური განათლების საკავშირო დაუსწრებელ ინსტიტუტად, რომლის საფუძველზეც  1947 წელს შეიქმნა საკავშირო დაუსწრებელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად МГОУ-ორპროფილიანი მოსკოვის ღია სახელმწიფო უნივესიტეტი). 1940-1941 წლებში საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდა 18 დაუსწრებელი უმაღლესი სასწავლებელი. XX საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში გაიხსნა 11 დაუსწრებელი სწავლების უნივერსიტეტი. ასევე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში იხსნება დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები[8]. 2000 წლისათვის მოსკოვის ღია სახელმწიფო უნივესიტეტში დაუსწრებელ განყოფილებაზე სწავლობდა 50 ათასი სტუდენტი. სწავლა მიმდინარეობდა ქეის-ტექნოლოგიითა და  დასწრებული სესიებთ.

არსებობს დისტანციური სწავლების სამი მეთოდი[9]:

ა) ონლაინ მეთოდი – პედაგოგი დისტანციური სწავლების სისტემის მომხმარებელს მხოლოდ წერილობით ან/და ვიდეო ლექციების ჩანაწერების საშუალებით ეკონტაქტება. იგი აუდიტორიაში ვიდეოფირზე იწერს ლექციას და ახდენს მის ატვირთვას საიტზე, რომლის ნახვაც შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს. კითხვა-პასუხი სხვადასხვა საკითხზე მომხმარებელსა და პედაგოგს შორის მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით მიწერ-მოწერის სახით.

ბ) ლაივ კონფერენციის მეთოდი – სილაბუსით წინასწარ განსაზღვრულია ლექციის დრო, როდესაც პირდაპირი გადაცემის სიხშირით, ე. წ. ლაივ სტრიმით მიმდინარეობს ლექცია. მომხმარებელსა და პედაგოგს შორის კითხვა-პასუხი მიმდინარეობს დაუყოვნებლივ. აღნიშნული მეთოდი არახელსაყრელია იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ამ პერიოდში სხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი.

გ) ჰიბრიდული კურსი ზემოთაღნიშნული ორივე მეთოდის შერწყმაა. მომხმარებელთა ნაწილს შეუძლია ლექციების მოსმენა ჩანაწერების, ნაწილს კი -  ლაივ კონფერენციების სახით.

საწყის ეტაპზე ე.წ. დისტანციური სწავლება შემდეგი სქემით მიმდინარეობდა: კურსის დასაწყისში ტარდებოდა გეგმური ლექციები, რომლებზე დასწრებაც სავალდებულო იყო ყველა სტუდენტისათვის. აქ წარმოდგენილი იყო კურსის აღწერა და გაიცემოდა აუცილებლად საჭირო მასალები. განსაზღვრული დროის განმავლობაში სტუდენტი დამოუკიდებლად სწავლობდა ამ კურსის ინფორმაციას. შესაძლებელი იყო პედაგოგთან ტელეფონით დაკავშირება ან/და მიმოწერა საჭირო საგნის შინაარსთან დაკავშირებით. წლის ან სემესტრის განმავლობაში სტუდენტები ცხადდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში სესიებში (გამოცდებში) მონაწილეობისათვის[2].

ისტორიულად დისტანციურმა სწავლებამ განვლო რამდენიმე ეტაპი:

  1. სწავლებაში ერთი ტექნოლოგიის გამოყენება და პედაგოგსა და მომხმარებელს შორის უშუალო კონტაქტის არ არსებობა;
  2. სწავლებაში სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება: აქცენტი კეთდებოდა ცალმხრივ კავშირსა და თვითგანათლებაზე;
  3. ტიუტორის გამოყენება სტუდენტებთან კავშირის დასამყარებლად. მაგალითად, ღია უნივერსიტეტები;
  4. მომხმარებლის პედაგოგთან და მომხმარებლებს შორის ორმხრივი   კავშირისათვის კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება.

2015 წელს რუსეთის რამდენიმე წამყვანმა უმაღლესმა სასწავლებელმა (МГУ, ВШЭ და სხვა)  "ღია განათლების" პროექტის  ფარგლებში დაუშვა უფასო ონლაინ - კურსები სხვადასხვა დისციპლინაში, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაიღრმავოს ცოდნა სასურველ დისციპლინებში. შესაძლებელია პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომის მიღება დისტანციური სწავლების საშუალებით[10].

1988 წელს დაარსებულ დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში "Синергия"  სასწავლო პროგრამები და პროფილური დისციპლინებისათვის საჭირო მასალები მუშავდება ცნობილი პედაგოგიური კოლექტივის მიერ. მათ მიერ შესრულებული ლექციების ჩანაწერები გამოირჩევა მაღალი დონით, ამასთან, მათთვის გამოყოფილია განსაზღვრული რაოდენობის საათები მომხმარებლებთან სკაიპ-კონფერენციებისათვის, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია ვიდეოლექციები, სკაიპ-კონსულტაციები, პრეზენტაციები სლაიდების გამოყენებით. საკურსოების, საკონტროლო, სადიპლომო შრომების შესრულებისათვის მათ აქვთ საშუალება თავიდან წაიკითხონ ან მოისმინონ შესაბამისი ლექციები. სასწავლებლებში მუშაობს ცოდნის კონტროლის სპეციალური სისტემა, სადაც ყოველ მომხმარებელზე შეყვანილია დოსიე ტესტირების, საკურსოებისა და გამოცდების მიმდინარეობის შესახებ. მომხმარებელი საკუთარი სახელითა და პაროლით შედის ვირტუალურ აუდიტორიაში სახლიდან გაუსვლელად, სადაც თანმიმდევრობით დალაგებულია ლექციები, რაც მოიცავს ვიდეო და ბეჭდურ მასალებს. ცხადია, აღრიცხვა წარმოებს ინტელექტუალური ელექტრონული სისტემით.დისტანციური  განათლების მდგომარეობა მსოფლიოსა და საქართველოში

ინტერნეტ-სწავლება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საკმაოდ პოპულარული გახდა ესტონეთში. ტარტუს უნივერსიტეტში წარმატებით მუშაობს სტუდენტების, პროფესურისა და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლების სასწავლო ელექტრონული სისტემა Moodle. იგი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და 60 ენაზეა ნათარგმნი. პროფესორს საშუალება აქვს სერვერზე განათავსოს სასწავლო მასალები. მეთოდური მასალები, ვიდეოაუდიო გაკვეთილები და სხვა. სწავლება წარმოებს კავშირების თანამედროვე საშუალებებით[2]. ინტერნეტით სასწავლო მასალები ელექტრონული ფორმით მიეწოდება სტუდენტს. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ყველა სასწავლო პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია და მიიღო ექსპერტთა მაღალი შეფასებები. სტუდენტი თვითონ ირჩევს მისაღებ დისტანციური სწავლების პროგრამას, სწავლობს და მხოლოდ სადიპლომო ნაშრომსა და გამოსაშვებ გამოცდაზე უწევს მისვლა უნივერსიტეტში. სტუდენტს მოეთხოვება მოტივაცია, დროის დაგეგმვა, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და მასზე მუშაობის თანამედროვე საშუალებების ცოდნა. ცხადია, სწავლება მიმდინარეობს ელექტრონული ტექნოლოგიების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით, უმაღლესი სკოლის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელთან კავშირისათვის საჭიროა უმაღლესი სკოლის მიერ გაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი. დისტანციური სწავლება დაუსწრებელი სწავლების თავისებური ფორმაა და არა თვითსწავლა,  ამიტომ, მათი სასწავლო მასალები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ესაა დისტანციური სწავლების საჭიროებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მასალები: დოკუმენტები, პრეზენტაციები და ვიდეოფილმები ლექციებისა და სავარჯიშოებისათვის, თვითშეფასების ტესტები და დავალებები სასწავლო მასალის ასათვისებლად. განსხვავებული ადგილსამყოფლის მიუხედავად, თითოეული სტუდენტი სწავლობს ინდივიდუალური ტემპითა და დროით.

საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს დისტანციური სწავლება RISEBA უმაღლეს სკოლაში, რომელიც ძირითადად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებს[2]. ესენია: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, სკაიპი, აუდიო და ვიდეომასალები. ყველა სტუდენტს ეძლევა ვიდეოკონფერენციებზე წვდომის საშუალებები, ასევე  ლიტვაში მცხოვრებ სტუდენტებს დამატებითი შეუძლიათ დაესწრონ დასწრებული სწავლების ლექციებს. დისტანციური სწავლების კურსის არჩევის შემდეგ სტუდენტი ღებულობს სპეციალურად დამუშავებულ სასწავლო მასალებს ელექტრონული ფორმით, რომელშიც ყველა აუცილებელი ინფორმაციაა მოცემული როგორც ტექსტური, ასევე ვიდეოლექციების სახით. აქვეა პრაქტიკული დავალებები, საკონტროლო კითხვები, საჭირო ლიტერატურის ჩამონათვალი და სხვა. მასალებში შედის, ასევე, თვითშემოწმების ტესტები და საკონტროლო დავალებები სტუდენტთა ცოდნის თვითშეფასებისა და ცოდნის განსამტკიცებლად. პედაგოგებთან მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაციები იდეებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, რაც ხელს უწყობს მასალის ღრმა ანალიზსა და რთული საკითხების გააზრებას. დისტანციური სწავლებისას ჩათვლები და გამოცდები ტარდება ელექტრონული ფორმით. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში სტუდენტებს ეხმარებიან პროფესიონალი კონსულტანტები პედაგოგთა შემადგენლობიდან და RISEBA დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

დღეს მსოფლიოში აშშ და კანადა მყარად ლიდერობენ დისტანციური განათლების სფეროში. 400 000 სტუდენტი სწავლობს დისტანციურად აშშ-ში, ფუნქციონირებს სხვადასხვა კურსებისა და პროგრამების დიდი რაოდენობა. ქვეყნის  სასწავლო დაწესებულებების 81%  გვთავაზობს მინიმუმ ერთ კურსს მაინც დისტანციური სწავლებისათვის, ხოლო 67% თვლის ამ მიმართულებას უაღრესად მნიშვნელოვნად. ანალოგიური სიტუაციაა ევროპაშიც, სადაც ღია უნივერსიტეტების 17 სასაწავლო დაწესებულების ქსელში სწავლობს 650 000 სტუდენტი[13].

პირველი, ვინც ამერიკაში დანერგა დისტანციური სწავლება, იყო ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (National Technolocial Uviversitety . NTV).  შემდეგ მას მიბაძა ბევრმა სხვა ორგანიზაციამ. 1987 წელს შეიქმნა ამერიკის დისტანციური სწავლების ასოციაცია USDLA (United States Distance Learning Association), რომელიც მოიცავდა სწავლების ყველა დონეს.

აშშ-ში დისტანციურ სწავლებაზე ჩასარიცხად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა, რომლის დასამტკიცებლადაც  შეიძლება საჭირო იყოს რაიმე სახით გამოცდის ჩაბარება, ასევე სასწავლებელში შესვლისათვის აუცილებელია ტესტირება. ყოველივე ამის შემდეგ მიიღება გადაწვეტილება დისტანციურ სწავლებაზე ჩარიცხვის შესახებ. ტესტირება უნდა გაიაროთ ბაზისური ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის დონის შესამოწმმებლად, რომელიც მიმდინარეობს სასწავლო კამპუსების დისტანციურ ცენტრში  ან/და   ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტს ეგზავნება წერილი დოკუმენტთა პაკეტის სახით, რომელიც აუცილებელია შეივსოს და დროულად გადაიგზავნოს უნივერსიტეტის მისამართზე. უნივერსიტეტში  ჩარიცხულ პიროვნებას  ეძლევა საშუალება ისარგებლოს სასწავლებლის ელექტრონული რესურსებით საიტის საშუალებით, რომელიც შექმნილია აუცილებელი ინფორმაცის მისაწოდებლად. არსებობს ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებებიც: ელექტრონული ბიბლიოთეკა, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი, ონლაინ სწავლება და კონსულტირება ტუტორებთან, უფასო სატელეფონო საუბრები ან საუბარი ძალიან დაბალი ტარიფებით.

აღნიშნულთან ერთად, აშშ-ის უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლებისათვის საჭიროა  ატესტატი საშუალო განათლების შესახებ; ინტერნეტი, კომპიუტერი, აუდიოვიდეო მოწყობილობა, ვებკამერა და სხვა ტელესაკომუნიკაციო საშუალებები.

დღეისათვის კანადაში არსებობს ათასობით დისტანციური სწავლების პროგრამა, რასაც საზოგადოებას სთავაზობს ცალკეული წამყვანი უნივერსიტეტები, კოლეჯები და პროვინციების განათლების სამინისტროები[14]. The Independent Learning Center (ILC) ონტარიოს პროვინციაში ყოველწლიურად 50 000 სხვადასხვა კურსს უწევს ორგანიზებას. ბოლო ხუთწლიანი სტატისტიკით კანადის უნივერსიტეტების 54%-ს, კოლეჯების  68%-ს და  სხვადასხვა კომპანიის 36%-ს  ჰქონდა დისტანციური სწავლების პროგრამები. ქვეყანაში არსებობს ვირტუალური უმაღლესი სასწავლებლებიც, როგორიცაა, მაგალითად, კვებეკში Tele-Universitet. კანადელები უფრო და უფრო რწმუნდებიან დისტანციური სწავლების უპირატესობაზე დღის სწავლებასთან შედარებით.

თუ საძიებო სისტემაში Google ჩავწერთ online courses ან/და distance learning-ს, ვიპოვით ასეულობით ფასიან და უფასო კურსებს. ასეთი პროგრამებით მიღებული დიპლომი აკრედიტებული და იდენტურია იმ დიპლომისა, რასაც სტუდენტები დასწრებული სწავლების დასრულების შემდეგ იღებენ. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შესაძლებელია მსურველმა აირჩიოს თავისთვის მოსახერხებელი ონლაინ კურსები ვებგვერდიდან "coursera", რომელზეც კურსები უფასოა, მაგრამ სწავლების დონე და ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება სხვა ფასიან კურსებს.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დისტანციური სწავლება ძალზე პოპულარული ხდება. საქართველოში ამ მეთოდით სწავლების მსურველებს კი საკმაოდ მწირი არჩევანი აქვთ[15].

2011 წელს ცვლილება შევიდა "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში", რომელიც განათლების პირველ და მეორე საფეხურზე საშუალებას იძლევა, ტრადიციული მეცადინეობების პარალელურად ცოდნა ელექტრონული ფორმითაც მიიღონ, მაგრამ საქართველო ონლაინ კურსების სიმრავლით არ გამოირჩევა. ამ მეთოდით ძირითადად ენების შესწავლა ხდება.

დღეისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ფუნქციონირებს დისტანციური სწავლების ცენტრი (2006 წელს  ჰელმუთ შრამკეს ხელმძღვანელობით  შექმნილი "დისტანციური განათლების" პროექტის ბაზაზე), დანერგილია ელექტრონული სწავლების პორტალი Moodle, რომელიც წარმატებით ჩაერთო სასწავლო პროცესში.

ასევე მუშაობს დისტანციური სწავლების e – courses.tsu.ge კურსი_"ქცევის მართვა", რომელიც დისტანციური სწავლების ცენტრში თსუ-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან "მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილია ვირტუალური ლაბორატორია, სადაც ცდებს სტუდენტები ვირტუალურად ატარებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლიდან ელექტრონული სწავლების  პორტალზე online.iliauni.edu.ge ხელმისაწვდომია სხვადასხვა მიმართულების უფასო სასწავლო კურსები.

მსოფლიოს საუკეთესო დისტანციური უნივერსიტეტების ათეულის ძირითადი მახასიათებლები მოყვანილია ცხრილში(1,2).

საქართველოში დისტანციური განათლების დანერგვის ღონისძიებები

ვინაიდან ბოლონიის შეთანხმება არ ცნობს დაუსწრებელ სწავლებას და კანონში გაწერილია დისტანციური  სწავლების ფორმა, საქართველოში დისტანციური განათლების ბაზრის განვითარებამდე აუცილებელია შეიქმნას სკოლის პერიოდის, საბაკალავრო, სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამების  დისტანციური სწავლების საბაზისო  სისტემები, განმტკიცებული სათანადო იურიდიული კანონმდებლობით (საკანონმდებლო ბაზა)  და რომ კურსდამთავრებულზე შესაბამისმა სასწავლებელმა  გასცეს  ჩვეულებრივი სწავლების ძალის მქონე სერტიფიკატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული ზომით შეფერხდება ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრაცია ევროპული და წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემასთან, რის გამოც საქართველოს დისტანციური განათლების სისტემა განვითარებით ძალზე ჩამორჩება ევროპასა და აშშ-ს.

დისტანციური განათლების სისტემის შემუშავება რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც უკანასკნელ წლებში სასწავლო ლიტერატურისა და სახელმძღვანელოების  გამოცემები, ავტორთა დაუფინანსებლობის გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა. იგივე ითქმის ვიდეო ლექციებზეც. საქართველოში დისტანციური სწავლების კურსის ფართოდ და სრულყოფილად განსახორციელებლად საჭიროა რიგი გადამწყვეტი ღონისძიების ჩატარება: 

  1. შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა დისტანციური სწავლების ლეგიტიმაციისათვის და დისტანციური სწავლების დიპლომი გაუთანაბრდეს სახელმწიფო დიპლომს;
  2. სპეციალობათა მიხედვით შეიქმნას რესპუბლიკის სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჯგუფი სილაბუსების, პროგრამების, ელექტრონული ლექციების, ვიდეოლექციების, აუდიო და ვირტუალური სამყაროს შესაქმნელად, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  მიღებული დადგენილებით იქნებიან ანაზღაურებადი;
  3. აუცილებელია შეიქმნას ქვეყნის მასშტაბით დისტანციური განათლების სისტემის შემმუშავებელი სტრუქტურა, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას გაუწევს იმ სუბიექტებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და კორპორაციულ სტრუქტურებში დანერგონ დისტანციური განათლების სისტემა, მოხდეს ამ სფეროსათვის კადრების მომზადება და მათი სერტიფიკაცია;
  4. შეირჩეს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  5. შერჩეულ სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოეწყოს ინფრასტრუქტურა დისტანციური სწავლების განსახორციელებლად;
  6. დადგინდეს  საგანმანათლებლო პროგრამები;
  7. დადგინდეს, რა ენებზე იქნება სწავლება დისტანციურად;
  8. ფასიანი დისტანციური სწავლების შემთხვევაში განისაზღვროს სწავლების შესაბამისი სემესტრული  გადასახადი;
  9. მკაცრად გაიწეროს დისტანციური სწავლების გრაფიკი სპეციალობების      მიხედვით;
  10. ცოდნის შეფასების გამჭვირვალობისა და ფალსიფიცირებული დიპლომების დამზადების თავიდან ასაცილებლად გამოყენებულ იქნეს ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს საინფორმაციო სერვისების დანერგვის და გამოყენების სრულიად ახალ მექანიზმებს, მათ შორის  - ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ლიტერატურა:

  1.  http://atsu.edu.ge/EJournal/HENTI/eJournal/Papers/ShengeliaNana.pdf
  2.  http://www.riseba.lv/ru/distancionnoe-obucenie
  3.  http://www.mes.gov.ge/content.php?id=8013&lang=geo
  4. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e
  5.  http://mgaps.ru/news/24
  6.  https://works.doklad.ru/view/zjXdbTCaTps.html
  7. http://www.samoupravlenie.ru/29-09.php
  8.  https://moluch.ru/conf/ped/archive/185/9249/
  9.  http://newscafe.ge/index.php/geo/2012-09-21-07-36-49/1121
  10. https://www.kp.ru/guide/vysshee-obrazovanie-distantsionno.html
  11.  https://msk.postupi.online/vuzi/vuzgos-da/
  12. https://www.unipage.net/ru/education_online
  13.  http://www.cnews.ru/reviews/free/national2006/articles/do_usa/index.shtml
  14. http://www.abroad.ru/reference/ref_theme/distant/do_can_1_1.php
  15. https://edu.aris.ge/news/ra-etapzea-eleqtronuli-swavleba-saqartveloshi.html